,,რატომ არ უნდა აცადო ადამიანს ის შედეგი მიიღოს, რა ნაბიჯიც თავად გადადგა”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა მმართველი გუნდის. მისი თქმით, ანულირებული სიების აღდგენა კანონის მიხედვით არ შეიძლება.

„მათ იცოდნენ კანონი, იცოდნენ ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სიტუაცია გაემწვავებინათ, სიები ჩახსნეს. დღეს იღებენ შედეგს, როცა დეპუტატებს მათ მიერვე ჩახსნილი სიების გამო ვერ იმატებენ. საარჩევნო სიები ოპოზიციის გადაწყვეტილებით ჩაიხსნა და კანონის მიხედვით მათი აღდგენა არ შეიძლება. კანონის შეცვლას იმის გამო, რომ ოპოზიციას მაშინ ისე სურდა და ახლა ასე სურს, პირადად მხარს არ ვუჭერ – რატომ არ უნდა აცადო ადამიანს ის შედეგი მიიღოს, რა ნაბიჯიც თავად გადადგა?!“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის,საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან ვარშალომიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს და  კომიტეტის შესაბამის დასკვნას მხარი დაუჭირეს.

მსგავსი თემები