აქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად ხელმისაწვდომია და მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.
„მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო, საქართველოს ჩათვლით. ამ გადაწყვეტილებით, სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მოხდებოდა. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა, მაგრამ, ამავე დროს, ცხადია, რომ სამივე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებას ევროკომისიის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურებას. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, – განაცხადა ჰარცელმა.
ამასთან, ჰარცელის განმარტებით, ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს.
„გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება, სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.