ცილისწამება და ბილწსიტყვაობა შესაძლოა კანონით აიკრძალოს

გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპებთან სწორი ბალანსის მონახვის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა, შესაძლოა, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის შესახებ კანონი მიიღოს.

​როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია. ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობად იქცა, რაც ქართული საზოგადოებისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. 

​მისივე თქმით, თანდათან, ხელოვნურად თუ არახელოვნურად არის მცდელობა, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დამკვიდრდეს. ამ თვალსაზრისით პრობლემაა ე.წ. ფეიკნიუსებიც, ანუ ცრუ ინფორმაციის გავრცელება რაც საგარეო საფრთხეებს უკავშირდება.

„საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობად იქცა, რაც ჩვენს კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათან, ხელოვნურად, თუ განზრახ ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს „ფეიკ ნიუსების“, ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა. ეს საგარეო საფრთხეებთანაც არის დაკავშირებული“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მხარეს  გამოხატვის თავისუფლება დგას, რაც ჭარბი დოზით არ უნდა შეიზღუდოს და კონსტიტუციის პრინციპები არ უნდა დაირღვეს.

“მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორ ბალანსს ვიპოვით, შესაძლებელია, კანონპროექტი მომზადდეს და მივიღოთ. ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები