„რუსთაველზე მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან“ – ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს ურჩევს „ბუტიაობას“ თავი დაანებონ და საქმეში ჩაერთონ.

„რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან. საპროტესტო აქციაზე იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, იქ იყვნენ ძირითადად ქალები, ბავშვები და როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე შესავარდნად იყვნენ გამოსული? ამ ქვეყნის არჩევანია ევროპა და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ უნდა იმუშაონ 12 პუნქტის განხორციელებაზე. ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ამ პროცესში“- აცხადებს იოსელიანი.

მისივე შეფასებით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ხდება სასამართლო სისტემაში.

„ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პუნქტში წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის „ქართული ოცნება“, თუ არსებობს თუ არა რეალური მზაობა რეფორმების განსახორციელებლად. სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება. სწორია, უნდა ჩაერთოს და საზოგადოებას ვაჩვენოთ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“, რეფორმები გაატაროს“- აცხადებს იოსელიანი.

 

მსგავსი თემები