,,ეს არის მეშვიდე ტალღის დასაწყისი” – ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში“

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელების პოტენციალი ძალიან გაზრდილია. მისივე თქმით, ქვეყანა „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისში იმყოფება.

,,ტალღისებური, აღმავალი მრუდის მომსწრენი ვართ. ამიტომ შეგვიძლია ამას „მეშვიდე ტალღის“ დასაწყისი დავარქვათ. ამაში საგანგაშო არაფერია. ვხედავთ, რომ რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 5-ჯერ არის გაზრდილი,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

იმუნოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ვაქცინაციის ეფექტურობა,  ინფიცირებისგან თავის დასაცავად.

,,ამ ეტაპზე, არ გვაქვს უნიკალური ვაქცინა, რომელიც ინფიცირებისგან დაგვიცავს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის დაცვა ინფიცირებისგან, მკვეთრად არის შემცირებული. თუმცა, ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან. ბუსტერ დოზა სამიზნე ჯგუფებისთვის არის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გვინდა ინფიცირება იყოს ნაკლები, აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ამასთან, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება ან შესაბამისი ასაკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ბუსტერ დოზა,”- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რაიმე შემაკავებელი ღონისძიებების და კოვიდრეგულაციების შემოღების აუცილებლობა ამ ეტაპზე, არ დგას.

,,მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას აქვს შესაბამისი ცოდნა ინფიცირებული პაციენტის მართვის, მისი დამძიმების პრევენციის და კლინიკაში მოხვედრილისთვის. ამიტომ ახლა აუცილებლობა, რომ ჩვენ დავკეტოთ საზოგადოება, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დგას. თუ არ გვინდა კოვიდთან განმეორებითი შეხვედრები გვქონდეს, დახურულ სივრცეში ვატაროთ პირბადე, ეს არის ექიმის რეკომენდაცია”,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“.

 

ერთი ინფიცირებული 18 ადამიანს აინფიცირებს – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები