,,საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი მთავრობას მართავს და აკონტროლებს, სრული აბსურდია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ,”-  ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.

,,საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია,”- აღნიშნავს პრემიერი.

ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, ვახტანგ გომელაური თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის ”მოწყალების” გამო არ დანიშნულა. მისი განმარტებით,  გომელაურმა სახელმწიფო სამსახურში წარმატება, თავგანწირვის ხარჯზე მოიპოვა.

,,ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.

2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება,”- ირაკლი ღარიბაშვილი.

 

,,ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები