,,იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ,”- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია,”- აცხადებს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც მისივე თქმით, ხალხი ძალიან კარგად ხედავს.

,,ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები – სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება,”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

,,ნაციონალურ მოძრაობას ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას” – ირაკლი ღარიბაშვილი – (mcm.ge)

 

 

 

მსგავსი თემები