მინისტრის განცხადებით, კლინიკების დაფინანსების გაუმჯობესების პარალელურად, მომსახურების ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო კლინიკებს „დიარჯის“ (DRG) სისტემით დააფინანსებს. მისივე შეფასებით, ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი, რომელ წელს რა ეტაპზე უნდა იყოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება.

„2030 წლის ბოლომდე უნდა ავიდეთ 90-95-პროცენტიან დაფარვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება თუ დასჭირდება, სახელმწიფო მზად იქნება მათ დასახმარებლად. დღეს ეს ნიშნული არის 70%-ის ფარგლებში. ეს სისტემა აპრილიდან გაშვებულია, დაწყებული გვაქვს საპილოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში კი ვგეგმავთ, რომ კლინიკებზე გავავრცელოთ, ხოლო წლის ბოლოდან უკვე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ჩვენი აზრით, ეს ჩამოაყალიბებს იმ სამართლიან, ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის ამა თუ იმ სამედიცინო სერვისს“ – აცხადებს მინისტრი.

მისივე შეფასებით, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, მომსახურების ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს.

„აპელირება ხდება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე. ჩვენ მხოლოდ ფინანსურს არ ვჯერდებით და აუცილებელია ხარისხი იყოს ადეკვატური და ამავე დროს ფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. სტანდარტები, რა სტანდარტებსაც ჩვენ მოვთხოვთ ეტაპობრივად კლინიკებს, ეს სტანდარტები იყოს დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

 

მსგავსი თემები