,,ჩვენი პოლიტიკის სენია, რატომღაც მეორე მხარეს მიაკეროს რაღაც იარლიყი, მოახდინოს მისი დისკრედიტაცია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“  წასული სამი დეპუტატის ( მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი) მიმართ, დისკრედიტების მცდელობას აქვს ადგილის.

მისი თქმით, პარლამენტის სამი წევრი თავის აზრს გამოთქვამს, გარკვეული ძალები კი ცდილობენ, მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანიაა.

„რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პარლამენტის სამი წევრი თავის აზრს გამოთქვამს, სვამენ კითხვებს, შეფასებას აკეთებენ და ვხედავთ სტიგმატიზების მთლიან ტალღას, ადამიანის დისკრედიტების მცდელობას. მცდელობაა, მიაკერონ იარლიყი, თითქოს ეს არის ანტიდასავლური კამპანია, პრორუსულობა, „ფეესბე“ და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტური ხერხი. ადამიანთან დისკუსიაში შესვლის ნაცვლად, მისთვის იარლიყის მიწებება ხდება. ყველაზე დიდი ანტიდასავლურობაა არა დისკუსია, არამედ იარლიყების მიკერება. ამის საპირისპიროდ როგორ გააკეთებდნენ პროდასავლური ჯგუფები და როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი დემოკრატიულ სამყაროში? – როცა პარლამენტის წევრები გამოდიან, კითხვებს სვამენ და პოზიციებს აფიქსირებენ, ამაზე ყველას ექნებოდა ან კომპეტენტური პასუხი, დისკუსია, ან შეფასება, მაგრამ არა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება. ჩვენი პოლიტიკის სენია, რომ ფაქტების, მტკიცებულებებისა და არგუმენტების ნაცვლად, ყველა ისწრაფვის, რატომღაც მეორე მხარეს მიაკეროს რაღაც იარლიყი, მოახდინოს მისი დისკრედიტაცია, სტიგმატიზება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები