საქართველოს მოსახლეობის 92%-ს სურს იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში

  •  

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედით, გამოკითხული მოსახლეობის 59% -სთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, 33%- ის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24%-ის აზრით უმნიშვნელო.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია. გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა.

კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, ხოლო 46% აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხული მოსახლეობის 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს.

NDI -ის სოციოლოგიურ კვლევაში კითხვები შეეხო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც. გამოკითხული რესპოდენტების 24% – სრულად დარწმუნებულია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმები სწორად იყო დათვლილი, ამდენივეა ნაწილობრივ დარწმუნებული, 15% – ნაკლებად დარწმუნებული, 11% – საერთოდ არაა დარწმუნებული, 19% -მა კი არ იცის.

​არჩევნების მეორე ტურში ხმების დათვლის სისწორეში გამოკითხულთა 25% სრულად დარწმუნებულია, რომ ხმები სწორად დაითვალეს, 28 % ნაწილობრივ დარწმუნებულია, 16% ნაკლებად დარწმუნებული, დანარჩენებმა კი ან არ იციან, ან პასუხზე უარს აცხადებენ.

​კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2 205 ინტერვიუერი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

მსგავსი თემები