,,დროა, ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ“ – ბექა დავითულიანი ოპოზიციაზე

,,ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმას ვინც არ შეუერთდება, ანტიევროპულად იქცევა.

,,ევროკავშირმა დავალება მოგვცა. ამ ქვეყანას ჰყავს კანონიერად და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, კანონიერად არჩეული ხელისუფლება იწყებს რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ეს ასეა და სხვაგვარად ვერ იქნება. ხელისუფლებამ საკუთარი გეგმა დააანონსა, გახსნა კარი და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაუჯერონ ევროკავშირის რეკომენდაციებს, დაასრულონ პოლარიზაცია და პროცესს შეუერთდნენ.

ვინც შეუერთდება ის ამ რეკომენდაციებს ასრულებს, ვინც არ შეუერთდება – ის ანტიევროპულად იქცევა და რადიკალიზაციის გაღრმავებას ცდილობს. ოპოზიციისთვის რადიკალიზაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოსვლისთვის შეიძლება, იყოს გამოყენებული. ვინაიდან, არჩევნებით ვერ ახერხებენ ხელისუფლების მოპოვებას, ცდილობენ რამენაირად იპოვონ მიზეზი, რაც მათ ექსტრემალურ ვითარებაში, არჩევნების გარეშე ხელისუფლებაში მოიყვანს. მათ ეს შანსი არ მიეცემათ. დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ამ ქვეყანაზე იმუშაონ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები