„გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი“ – მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ წასული მორიგი დეპუტატი – მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებს. როგორც დეპუტატი წერს,  ქ-ნი ელჩს მისი წერილი  ბოლომდე რომ წაეკითხა,  ცრუ ბრალდებას არც წამოაყენებდა.

„ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემ მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუ სვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი.

შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფეესბეს“ მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს“ ,- აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კელი დეგნანთან დაკავშირებით განცხადება „ქართული ოცნებიდან“ წასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა – დიმიტრი ხუნდაძემ გაავრცელა. მანამდე კი განცხადება ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და ელჩი გააკრიტიკა.

„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

მსგავსი თემები