,,სამ და ექვს თვეში კანდიდატის სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს”- მიხეილ ყაველაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნებიდან” წასული მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით და კითხვებით მიმართავს. ყაველაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი, გარკვეული სუბიექტების მიერ, მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნებს.

წერილში ყაველაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს.

,,ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის იმედოვნებს, რომ კელი დეგნანისგან შესაბამის პასუხებს მიიღებს.

„იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, –აღნიშნავს ყაველაშვილი.

,,ნარატივი, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“, არამედ თქვენგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ”- ყაველაშვილი კელი დეგნანს

მსგავსი თემები