პერიფერიული ცვლილებებით განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება – ექსპერტების მოსაზრება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საგამოცდო სისტემასა და საგრანტო დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა. 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდის ფორმატი და ის ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. კერძოდ,„ზოგადი უნარები“ სავალდებულო აღარ იქნება და არჩევით საგანთა ნუსხაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტიც, ამ საგანში მიღებული შედეგით აღარ განისაზღვრება.

2020 წლიდან, აბიტურიენტი სავალდებულო გამოცდას მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში ჩააბარებს, ხოლო დამატებით საგანს მიმართულების მიხედვით აირჩევს. ჰუმანიტარული მიმართულების აბიტურიენტები ისტორიის, ტექნიკური მიმართულებისა კი, მათემატიკის არჩევას შეძლებენ. ახალი მოდელის მიხედვით უნივერსიტეტების ავტონომია იზრდება და მათ ეძლევათ საშუალება, პროგრამის პრიორიტეტების მიხედვით, თავად განსაზღვრონ თითოეულ საგანში შეფასების მინიმალური ზღვარი, ასევე, დაამატონ არჩევითი საგანი, მათ შორის, „ზოგადი უნარები“.

​როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი  აცხადებს, ცვლილებების მიზანია სკოლის როლის გაძლიერებას და რეპეტიტორებისთვის გაღებული ხარჯების შემცირება, უნივერსიტეტებს კი გადაწყვეტილების მიღების მეტი საშუალება ექნებათ: „ჩვენი თვითმიზანია ბავშვებმა მიიღონ ცოდნა. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა გაძლიერდეს, უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს. გამოცდები მარტივდება და რაოდენობა მცირდება, რადგან ბავშვები ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ ცოდნაზე არიან ორიენტირებულნი, რომელიც, უნივერსიტეტებში არ ადგებათ. ვფიქრობ, ეს მშობლების უზარმაზარი რესურსის ეკონომიას გამოიწვევს. როგორც კვლევებმა გვიჩვენა, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ იძლევა, სკოლა ასრულებს თავის ფუნქციას და უნივერსიტეტებს ეძლევათ ავტონომია”.  

განათლების აღნიშნულმა რეფორმამ მოსახლეობის, პედაგოგთა და ზოგადად, განათლების სფეროს სპეციალისტთა შორის, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი დაანონსებულ სიახლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორუფციის პირდაპირ წახალისებად განიხილავს. ასეთების აზრით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდება, მოსწავლეები მხოლოდ იმ საგანს ისწავლიან, რაც უნივერსიტეტში ჩასარიცხად სჭირდებათ და გაკვეთილებსაც აღარ დაესწრებიან, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ მხრივ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება; სკოლებში აღდგება კორუფცია, მაღალი ქულების სანაცვლოდ მასწავლებლები ქრთამზე ორიენტირებულნი იქნებიან. მისაღები გამოცდებით აბიტურიენტების შერჩევა თუ უნივერსიტეტების პრეროგატივა გახდა, უმაღლეს სასწავლებლებში მყისიერად აღდგება კორუფცია.

მეორე მხარე იმედოვნებს, რომ ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა, სამართლიანი, ეფექტიანი და განვითარებული სისტემის ჩამოყალიბების მეტ შესაძლებლობას შექმნის; აღარ დაიხარჯება მრავალი ათასი ლარი რეპეტიტორებში ყოველწლიურად, მხოლოდ „ბარიერის“ გადასალახად; ვეღარ მიიღებენ დამატებით უპირატესობებს ის ადამიანები, ვინც ისეც უპირატეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და თუ აქამდე მხოლოდ აბიტურიენტები ირჩევდნენ უნივერსიტეტებს, ამიერიდან უნივერსიტეტებსაც ექნებათ თავიანთი კრიტერიუმების შესაბამისი კომპეტენციის მქონე აბიტურიენტის შერჩევის საშუალება…

განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე „მთავართან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საატესტატო გამოცდების გაუქმება ცალსახად პოზიტიურია, რადგან არსებული მოდელი არაფრის მომცემი იყო.

„არსებული მოდელი არაფრის მომცემი იყო არც განათლების, არც რაიმე ფუნქციისა და დანიშნულების თვალსაზრისით. თუმცა, ალბათ, შეიძლებოდა მსჯელობა სავალდებულო გამოსაშვები გამოცდების ნაცვლად, არჩევითი საგნობრივი გამოცდის შემოღებაზე, უნივერსიტეტებისა და სკოლების არჩევანის შემთხვევაში და უმაღლესში ჩარიცხვის სისტემაში მათი როლის გაზრდის კვალდაკვალ“, – აცხადებს ტაბატაძე.

ექსპერტის შეფასებით, თუ უფრო რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება, სასკოლო შეფასებისა თუ მისაღები გამოცდების სისტემასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმება ვერ უზრუნველყოფს ცვლილებების მიზანს და სასწავლო პროცესის სასწავლო გეგმასთან დაახლოების პერსპექტივას.

გამოცდების რაოდენობის შემცირება მისთვის მისაღებია, თუმცა, წარმოდგენილი კონფიგურაცია და მხოლოდ ისტორიის ან მხოლოდ მათემატიკის არჩევით საგნად დატოვება, – დაუსაბუთებელი.

„გასაგებია, რომ უნარების გამოცდაში ყველაზე მაღალი დისპროპორცია იყო შედეგებში, მაგრამ არ შეიძლებოდა ეს მისი გაუქმების (არჩევითად გადასვლის) საფუძველი გამხდარიყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა უცხო ენის სასერთიფიკატო გამოცდად გადაკეთება, ხოლო უნარების გამოცდის ფორმატისა და შინაარსის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ისევ და ისევ წლების განმავლობაში სკოლაში შეძენილი სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარების შემოწმებას დაუკავშირდებოდა, რითაც სკოლის ფუნქცია, სწავლების მიდგომები და ორიენტირებაც გაიზრდებოდა. ასევე, დაუსაბუთებელია მხოლოდ მათემატიკის, ან მხოლოდ ისტორიის მესამე არჩევით საგნად დატოვება, ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა მეტი მოქნილობა, თუნდაც უნივერსიტეტების პასუხისმგებლობის გაზრდის თვალსაზრისით“, – განმარტავს განათლების ექსპერტი.

მისივე თქმით, უფრო მისაღები იქნებოდა, სკოლის, უნივერსიტეტების, გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენციების მეტად განსაზღვრა, ეროვნული გამოცდების შერეული მოდელებისა და დიფერენცირებული მიდგომების ამუშავება, რაც მეტად უპასუხებდა იმ მიზნებს, რის გამოც ეს ცვლილებები დაინერგა, საზოგადოებას და განათლების სფეროს წარმომადგენლებს კი, აუცილებლად უნდა მოესმინათ წარმოდგენილი მოდელის განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივის შესახებ.

„უფრო გონივრული იქნებოდა საუბარი სკოლის, უნივერსიტეტების, გამოცდების ცენტრის კომპეტენციების გამოკვეთის რეფორმაზე, მისაღები გამოცდების სისტემაში. შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად გააზრებულიყო შემოთავაზებული მოდელი. ამჯერად, საგამოცდო სისტემა რჩება  უმაღლესში მისაღებ ერთადერთ სისტემად და საგამოცდო ცენტრიც არ ხდება მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი იმ მოთხოვნაზე, რაც უმაღლეს სასწავლებლებს და სკოლებს გააჩნიათ. ზოგადი უნარების სავალდებულო გამოცდის გაუქმებას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა განმარტება „კვოტირების შეცვლის“ მექანიზმებზე, რაც „გაკვრითაც“ არ თქმულა. საზოგადოებას და სფეროს სპეციალისტებს არაფერი მოგვისმენია ასევე, წარმოდგენილი მოდელის გრძელვადიან პერსპექტივაზე “, – განმარტავს „მთავართან“ შალვა ტაბატაძე.

განათლების მკვლევარის, რევაზ აფხაზავას აზრით კი, გამოცდა სულაც არ არის განათლების მოტივატორი და მისი ორიენტაციის განმსაზღვრელი. გამოცდებით, ან მათი გაუქმებით სკოლას ვერ გავაძლიერებთ.

„ზოგიერთს გამოცდა განათლების მამოძრავებელ ძალად მიაჩნია და ამიტომ უნდა განიმარტოს, რომ იგი აჩენს არა განათლების მიღების, არამედ, მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მოტივაციას. გამოცდებისთვის მზადების პროცესი კი არ არის განათლება, გამოცდას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება. ჩვენ შემთხვევაში საატესტატო გამოცდის მიზანი მთლიანად დაკარგულია, ხოლო „ზოგადი უნარების“ გამოცდის, – მიუღწეველი“, – განმარტავს აფხაზავა „მთავართან“ საუბრისას.

მისივე თქმით, სულ ცოტა ხნის წინ, საატესტატო გამოცდების მიზანი იყო ეროვნული გამოცდების სიმძიმის სკოლებზე გადმოტანა და ამით სასკოლო განათლების მნიშვნელობის გაზრდა, რაც განათლების პოლიტიკის ხშირი ცვლილების ფონზე, განუხორციელებელი დარჩა.

„სამაგიეროდ, მივიღეთ ზოგადი განათლების მინიმალური კომპეტენციის დაძლევის კვაზი-სისტემა. განათლების მიზნები მშვენიერი გვაქვს, თუმცა ეს გამოცდები მათ მისაღწევად არ გამოდგებოდა. მოკლედ, გამოცდებმა აზრი კი დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაუხსნა რეპეტიტორობის ინსტიტუტს, რითაც გაჭირვებული ოჯახის შვილები კიდევ უფრო არათანაბარ პირობებში ჩააყენა. ასე რომ, ინსტიტუტი, რომელმაც ფუნქცია დაკარგა და კონტრპროდუქტიული გახდა, გასაუქმებელია!“ – აცხადებს აფხაზავა.

განათლების მკვლევარის განმარტებით, „ზოგადი უნარების“ გამოცდის მიზანია, ცენტრალიზებულად შეურჩიოს უნივერსიტეტებს, უკეთესად მომზადებული სტუდენტები, ისინი, ვინც განათლების მიღებას იმსახურებენ. გარდა ამისა, ეს გამოცდაც რეპეტიტორობის გავრცელების ხელსაყრელი ნიადაგია და ხელოვნურად აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას.

„როდესაც ინსტრუმენტი აღარ ერგება ჭანჭიკებს, თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამასთანავე, თითს გტკენთ, თავი უნდა დაანებოთ მის გამოყენებას. ასეთი პერიფერიული სისტემების ცვლილებებით, გარკვეული არასასურველი ტვირთი კი მოიხსნება, მაგრამ განათლების ხარისხი არსებითად ვერ გაუმჯობესდება. ხარისხის განვითარების მთავარი სამიზნე დღეს სკოლა და მასწავლებელია“, – აღნიშნავს რევაზ აფხაზავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აქამდე არსებული წესით ჩააბარებენ. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კი მომავალი 2019 – 2020 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები