ბორის ჯონსონი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა, თუმცა  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე შეასრულებს.

„ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრიც. ვეთანხმები, რომ ამ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი უნდა დაიწყოს ახლა, ვადები მომავალ კვირაში გამოცხადდება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონის თქმით, პოლიტიკაში შეუხვლელი არავინაა და მზადაა, ახალ ლიდერს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

„პოლიტიკაში არავინაა შეუცვლელი. ჩვენი ბრწყინვალე და დარვინისტული სისტემა სხვა ლიდერს გამოიმუშავებს, რომელიც თანაბრად მოწოდებული იქნება ამ ქვეყნის წინ წაწევისთვის რთულ პერიოდებში, არა მხოლოდ ოჯახების დახმარებით, არამედ პირობების გაუმჯობესებით, ბიზნესისთვის და ოჯახებისთვის ტვირთის მოხსნით, დიახ, გადასახადების შემცირებით. ესაა ეკონომიკური ზრდის და შემოსავლების გაზრდის გზა, რომელიც გვჭირდება საჯარო სერვისების დასაფინანსებლად. ახალ ლიდერს აღმოვუჩენ მაქსიმალურ მხარდაჭერას, რაც შემეძლება. მინდა იცოდეთ, რამდენად დამწუხრებული ვარ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვებით, მაგრამ ასე გამოვიდა. პრემიერ-მინისტრობა ცოდნას გაძლევს, მე ვიმოგზაურე ბრიტანეთის ყველა კუთხეში და აღმოვაჩინე უამრავი ადამიანი უსაზღვრო ბრიტანული ორიგინალობით, რომლებსაც სურთ ძველი პრობლემების ახლებურად მოგვარება. მაშინაც კი, თუ ყველაფერი შეიძლება ზოგჯერ ბნელი ჩანდეს ახლა, ჩვენი მომავალი ერთად ნათელია“, – აღნიშნა ჯონსონმა.

მსგავსი თემები