,,2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება”- ირაკლი კობახიძე

,,დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“.

,,როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა. ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები