პროკურატურამ მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქ. მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

,,სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის, წესის დარღვევით გადმოტანა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები