,,საქართველო რომ ჩაერთოს ომში, გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული  ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, როდესაც თქვეს, რომ უკრაინამ ომის გამო მიიღო კანდიდატის სტატუსი.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის მსგავს მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.

„ომის და კანდიდატის სტატუსის კავშირს რაც შეეხება, ეს კავშირი პირდაპირ იქნა აქცენტირებული ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. მათ პირდაპირ თქვეს, რომ უკრაინას ომის გამო, ომის მდგომარეობაში ყოფნის გამო მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. სწორედ ომის გამო შესთავაზეს მას განაცხადის შეტანა და ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ჩემი განცხადება არ არის. ეს არის ევროკავშირის ლიდერების განცხადება. სწორედ ამის გამო შეგვიძლია, მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, საქართველო რომ ყოფილიყო იგივე მდგომარეობაში, ან ხვალ რომ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, რაშიც იყო და არის უკრაინა, ამ შემთხვევაში, ჩვენ, ბუნებრივია, გარანტირებული გვაქვს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამის გარეშე მოვახერხებთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღებას,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, მისი განცხადებები ომის პროპაგანდას არ უკავშირდება და საქართველო რომ ჩაერთოს ომში, ამ შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

,,არავითარი პროპაგანდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ რომ ჩავერთოთ სამხედრო კომნლიქტში, ამ შემთხვევაში, გვაქვს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი დეკემბერში. ეს არის მარტივი ლოგიკა. ვინ ითხოვს და ვინ არა ომში ჩართვას, ამაზე ჩვენ შეგნებულად არ ვსაუბრობთ. შეგახსენებთ, სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული „ენჯეოები“ იყვნენ ისინი, ვინც ითხოვდნენ, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ბუნებრივია, ათმაგად გაზრდიდა ომში საქართველოს ჩართვის რისკებს. მეორეც, ითხოვდნენ თვითმფრინავების გაშვებას მოხალისეებით უკრაინაში, რაც ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აქედან გამომდინარე, ვიღაცები რომ საუბრობენ სპეკულაციებზე, საკუთარი პროვოკაციები მოიკითხონ, როდესაც პირდაპირ მოითხოვდნენ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. უკრაინას უთხრეს ომის გამო შეეტანა განაცხადი და შემდეგ თქვეს, რომ ომის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საქართველო რომ ჩაერთოს ომში, ამ შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. საქართევლოში რომ დაიწყოს ომი, ეს იქნება,  რა თქმა უნდა, მძიმე რუსეთისთვის, რადგან რამდენიმე ათეული ათასი, შეგნებულად არ ვაკონკრეტებ, მაგრამ რამდენი ათეული ათასი, ესეც ზუსტად ვიცი, უნდა მოაცდინოს საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო თავისი ტექნიკით, აღჭურვილობით და ყველაფრით. რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი რუსეთს გაურთულებდა ვითარებას უკრაინის ფრონტზე, მოდლოვისგან განსხვავებით. მოლდოვაში არაფერი არ გართულდებოდა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ომი, მიუხედავად ამ გართულებისა, იქნებოდა გამანადგურებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ომი ავარიდოთ ქვეყანას“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები