,,არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში მოუწია აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და მათი მთავარი მიზანი  ხელისუფლების ინსტრუმენტების მიღებაა.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილი პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე შემოდიან, რაც ანტიდემოკრატიულია.

„ისინი შემოდიან პარტიების ველზე ლეგიტიმაციის გარეშე და ეს თავისთავად ანტიდემოკრატიულია, როდესაც ამავე დროს პრეტენზია გაქვს, რომ შენი დღის წესრიგით განვითარდეს ქვეყანა, როდესაც ერთი ამომრჩევლის მხარდაჭერაც კი არ გაქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს საბოლოო ჯამში, ვინაიდან არ იმალებოდა მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება და თქმა, რომ აღარც გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღოს და გაფორმდნენ როგორც პარტიები. თავისთავად პრობლემა ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა თუ არა პოლიტიკოსობა და არის თუ არა პოლიტიკოსი, პრობლემა ის არის, როდესაც ფარსია, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავს გაჩვენებს, როგორც ობიექტურ, მიუკერძოებელ, პროფესიული ნიშნით მაკრიტიკებელ ადამიანად, სინამდვილეში ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს დღის წესრიგი პოლიტიკური. ისინი არ მალავენ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანის უარყოფაა. რაც თავის მხრივ, არის არადემოკრატიულობა და აჩვენებს, რომ მათი მთავარი მიზანი არის ხელისუფლება და ხელისუფლების ინსტრუმენტების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები