,,როცა ვხედავთ, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ”- ირაკლი კობახიძე

,, ჩვენ, პრემიერთან ერთად, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, როცა ვმსჯელობთ და ვხედავთ ამას, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ?!,”- ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

კობახიძის თქმით,  საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ომთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდიდა. მისივე განმარტებით, მოხალისეების გაშვება  მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით, უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას.

„როცა საქმე ეხებოდა სანქციების დაწესებას, ეს არა მარტო ასამმაგებდა და ახუთმაგებდა, აათმაგებდა ომთან დაკავშირებულ რისკებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად ამიტომ უნდოდათ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები დაგვეწესებინა, რაც ქვეყნისთვის მათ შორის, ეკონომიკური კუთხითაც დამანგრეველი იქნებოდა, მეორე მხრივ კი ომის რისკებს ათმაგად ზრდიდა. მეორე, გახსოვთ თქვენ, რასაც ითხოვდნენ, მოხალისეების თვითმფრინავებით გაშვებას. თუ სანქციები ირიბი მოწოდება იყო ომისკენ, მოხალისეების გაშვება ასე ვთქვათ, მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით, უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აი, აქეთკენ იყო პირდაპირი მოწოდებები.

რა თქმა უნდა, ჩვენ, პრემიერთან ერთად, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, როცა ვმსჯელობთ და ვხედავთ ამას, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, მეორე მხარეს კი ომი, რანაირად შეიძლებოდა, მიგვეღო გადაწყვეტილება ომის სასარგებლოდ?! ხომ მარტივად არის საქმე და ვიღაცას თუ სჯერა, რომ ჩვენ ვერ გავბედავდით ამას, მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილმა დაგვირეკა და მოგვცა ეს რჩევა, შეუძლიათ, ეს რჩევა თვითონ შეინახონ, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო რჩევა, ასეთი, თუ ისეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას ომის სასარგებლო არჩევანზე. იმიტომ, რომ ომი საქართველოსთვის ნიშნავდა და ნიშნავს ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები