„ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში, პიკს ველოდებით შემოდგომაზე“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პიკს შემოდგომისკენ ელოდებიან.

„ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში ვაქცინაციით დაბალი მოცვისა და COVID ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID გარდაცვალების შემთხვევები (22) ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია ვიდრე ამერიკაში (98), კანადაში (108), დიდ ბრიტანეთში (205), პრაქტიკულად მთელ ევროპაში ერთეული გამონაკლისების გარდა და ასე განსაჯეთ იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ტრადიციულად გამოირჩეოდნენ COVID შემთხვევების და გარდაცვალების დაბალი მაჩვენებლებით – სამხრეთ კორეა (135), ტაივანი (262), ავსტრალია (140), ახალი ზელანდია (230), ჰონგ კონგი (136), იაპონია (24), ისრაელი (46) და ა.შ.

გარდა ამისა, ქვეყანას აქვს COVID დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტის ე.წ. CFR-ის (case fatality rate) მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი (1,01%)“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ონფექციონისტის შეფასებით,  საქართველომ პირველმა რეგიონში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში შემოიტანა და პრაქტიკაში დანერგა უახლესი და სადღეისოდ ყველაზე ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტი პაქსლოვიდი.

თუმცა, ამავდროულად, ცერცვაძე აცხადებს, რომ შემთხვევების რაოდენობა მატულობს და პიკი შემოდგომისთვის იქნება.

„ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. თუ ადრე დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 100-მდე ახალი შემთხვევა, ახლა უკვე ფიქსირდება 600-700 ახალი შემთხვევა. განსაკუთრებით ხშირია ახალი შემთხვევები იმ პირებში, რომლებმაც იმოგზაურეს უცხოეთში.  წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და COVID შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის.

ამიტომ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ  დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაცია, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური COVID ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. მაშინაც კი, თუ COVID შემთხვევების ზრდას თავიდან ვერ ავიცილებთ, განსაკუთრებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიკვდილობა დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე“ – აცხადებს ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები