,,დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას”- რომან გოცირიძე

„ბიუროკრატების ძალიან კარგი გამოთქმაა, თუ გინდა, რომ საქმე არ გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი. არ მოვტყუვდებით მეორეჯერ,”- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს.

„ქართული ოცნების” მხრიდან არაერთ განცხადებას ვისმენთ, რომლის მთავარი შინაარსიც არის ის, თუ როგორ შეიძლება დრო გაწელონ დეკემბრის ბოლომდე. ივანიშვილის სიტყვებით რომ ვისარგებლოთ, კვლავ გამოიყენონ ის „ტრიუკები”, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ და 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, ფაქტობრივად, მივიდნენ იმ კონდიციამდე, რომ არაფერი გაკეთდეს. გვთავაზობენ სასაცილო გეგმას, თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე, არ უნდა გააპროტესტო, მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ, ისინი გაგინებენ, ვიღაც ხისთავა დეპუტატი რომ იყო და იგინებოდა- ამით გამოდის, რომ მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე, ჩვენ ხელჩამოშვებულები უნდა გავჩერდეთ და ამას უწოდებენ დეპოლარიზაციას. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა, 12-ვე რეკომენდაციის შესრულებას და არავითარი რიგითობა აქ არ არსებობს. არის საკითხები, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში. ჩვენ, შევთავაზებთ ჩვენ გეგმას, ამ გეგმის შინაარს მალე გაიგებთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დროა ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს ჩრდილიდან.

,,ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს. არ გვჭირდება ჩვენ ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა”. ჩვენ დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას და როდის უბრძანებს საკუთარ ხელქვეითებს, შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია,”- აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი თემები