,,ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს კი უფრო დაცულს გახდის”- იენს სტოლტენბერგი

ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოაწერეს. არსებული ინფორმაციით, ორივე ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ნატო-ს 30 ქვეყნის მიერ ამ დოკუმენტების რატიფიკაციის შემდეგ მოხდება.

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგი განცხადებით, ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევანი, რაც მისივე თქმით,  ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლებას წარმოადგენს.

„ფინეთი და შვედეთი მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს მოლაპარაკებებში მოწვეული ქვეყნების სტატუსით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ნატო-ს გაფართოება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, არის დიდი წარმატება და აძლიერებს მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიას ევროპაში. ნატო-ში გაწევრიანება იყო ფინეთისა და შვედეთის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევანი და ეს არის ყველა ქვეყნის ფუნდამენტური უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი გზა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, ნატო-ს უფრო ძლიერს და ყველა ჩვენგანს კი უფრო დაცულს გახდის. მოუთმენლად ველოდები კიდევ ორი დროშის აღმართვას ნატო-ში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია ალიანსის ერთიანობა.

„მნიშვნელოვანია, ერთად ვიდგეთ ჩვენი ისტორიის ამ საშიშ პერიოდში. მივესალმები, რომ ყველა მოკავშირემ ასე სწრაფად იმოქმედა და მიიღო შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების განაცხადები. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს კონსტრუქციული მიდგომისთვის. სამმხრივმა შეთანხმებამ, რომელსაც მათ ხელი მოაწერეს მადრიდის სამიტზე, ეს დღე შესაძლებელი გახადა. მე ვიცი, რომ სამივე მხარე ბევრს მუშაობს მის შესრულებაზე, განსაკუთებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ახლა მე მაქვს ყველა მოკავშირის იმედი, რომ ისინი უზრუნველყოფენ გაწევრიანების პროტოკოლის სწრაფ რატიფიცირებას ეროვნული პროცედურების შესაბამისად“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები