,,5-6 ივლისის ძალადობრივ ქმდებებზე პასუხისმგებელი პირები ერთი წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან”- ადამიანის უფლებათა ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და მოუწოდებს ხელისუფლებას,  უზრუნველყოს სწრაფი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, ორგანიზატორებისა და ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი ყველა სავარაუდო პირის იდენტიფიცირება და
პასუხისმგებლობის დაკისრება.

,,2021 წლის 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა ტვ “პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც, 2021 წლის 11 ივლისს, საკუთარ სახლში, ღამით გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი. არ მომხდარა საჭირო რაოდენობით სამართალდამცავების მობილიზება, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს
განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის ნაცვლად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ 5-6 ივლისის ძალადობის ცალკეულ ეპიზოდებზე გამოძიება დაიწყო და სამართლებრივი შედეგებიც დადგა, ამ დროდე არ გამოვლენილან ძალადობის ორგანიზატორები და არ დამდგარა მათი პასუხისმგებლობის საკითხი,”- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის ულებათა ცენტრი ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი შეუწყოს 5-6 ივლისს განხორციელებული, წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების ვინაობის დადგენას და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება.

მსგავსი თემები