,,ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები”- ალექსანდრე ვინიკოვი

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. მისივე განმარტებით, ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები.

„იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ნატო-ში მოწვევასთან დაკავშირებით, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, აუცილებელია ორი რამ – უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მზად, რომ დააკმაყოფილოს წევრობის მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ცდება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, რადგან ნატო-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არა მხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ ქვეყანა უნდა იყოს მზად. და მეორე ელემენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული კონსენსუსის საფუძველზე, რომ მათ სურთ კონკრეტული ქვეყნის მიწვევა, რადგან მიაჩნიათ, რომ ის განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ასე რომ, ფოკუსი ახლა საქართველოსთვის უნდა იყოს მომზადებაზე, ევროატლანტიკური რეფორმების იმპლემენტაციაზე, რომელიც საქართველომ თავად განსაზღვრა მიზნად. ზოგიერთ იმ სფეროში, სადაც ვნახეთ იმპულსის შენელება გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ძალიან გვსურს, რომ ამ სფეროები საქართველომ გადაჭრას და დაიბრუნოს რეფორმების იმპულსი. ამ შემთხვევაში, კერძოდ, ვსაუბრობ ზედამხედველობის პრობლემაზე, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ ზედამხედველობაზე. ასევე ვფიქრობ, მართლმსაჯულებაზე და საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაზე. ეს სფეროები იყო ხაზგასმული მოკავშირეების მიერ და ამ სფეროებში ისურვებდნენ ისინი რეფორმების უფრო აქტიურ იმპლემენტაციას. ვაშინგტონის შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც დააბრკოლებდა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა ერთობლივად უნდა მიიღონ, როდესაც დრო მოვა“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მსგავსი თემები