,,მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო”- ლაშა ხუციშვილი მიკრობანკების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების გაჩენას ითვალისწინებს.

მინისტრის თქმით, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს.

„ესენი იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც სხვა ბანკებთან მიმართებაში. უბრალოდ, მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის საწესდებო-საზედამხედველო კაპიტალის მინამალური ოდენობა, მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 1 მილიონი ლარი, მიკრო ბანკის შემთხვევაში ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ვთქვათ, სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქცია იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს აქვთ ბანკებს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მიკრობანკებს ექნებათ გაზრდილი შესაძლებლობები, რათა დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები.

„შესაბამისად, არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე მომავალში ვისაც ამის სურვილი აქვს, რომ დარეგისტრირდეს, შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ აღნიშნული მიკრობანკის სტატუსი და უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით დააფინანსონ მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყონ ახალი დაკრედიტების შესაძლებლობები. ბუნებრივია, აღნიშნული მიკრობანკების რეგისტრაციის შემდგომ გაიზრდება კონკურენცია ამ სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად რეგიონებს მოიცავენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, აღნიშნული სტატუსი მიიღონ და მიკრობანკად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ამან აუცილებლად უნდა იქონიოს გავლენა საპროცენტო განაკვეთებზე, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ერთი მხრივ, გაუჩნდებათ შედარებით იაფიანი რესურსი, ხოლო მეორე მხრივ, კონკურენცია უზრუნველყოფს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები