,,გუშინ რაც ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა არ მიიღონ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაში .

მისივე განმარტებით, შესაძლოა ოპოზიციამ აღნიშნული პუნქტები გამოიყენოს იმისთვის, რომ საქართველომ დეკემბერში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„დღეს გვქონდა ნამდვილად შეხვედრა, სადაც განიხილებოდა დეტალები, რომელიც გეგმის რეალიზაციას უკავშირდება. მათ შორის კონკრეტული შეხვედრები, შესაძლო თარიღები და ასე შემდეგ დეტალურად გავიარეთ. ჩვენ ვიწყებთ უკვე ამ გეგმის აღსრულებას და ჩვენი შეთავაზებები რჩება ძალაში. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება პერსპექტივებს და დამოკიდებულებას, ოპტიმისტური, არაოპტიმისტური, ვნახოთ, ყველაფერს აჩვენებს მოვლენების განვითარება. გუშინ რაც ვიხილეთ, სამწუხაროდ ცხადყოფს იმას, რომ ევროპული პერსპექტივა ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ და პირიქით, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ. მათ ინტერესებშია აშკარად, რომ საქართველომ არც დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საწინააღმდეგო, საპირისპირო მიმართულებით. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდგმება ყველა ნაბიჯი 12-ვე პუნქტის შესასრულებლად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს არაოპტიმისტური დამოკიდებულება, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის მიხედვით.

იმის რისკი არსებობს, რომ მათ კონსტრუქციული მონაწილეობა არ მიიღონ ამ გეგმის აღსრულებაში და ეს პუნქტები გამოიყენონ იმისთვის, რომ პირიქით, მაქსიმალურად უარყოფითი მიმართულებით წარმართონ პროცესი, რათა საქართველომ დეკემბერში არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მოტივაცია იკვეთება მათ თითოეულ ქმედებაში. შესაბამისად, რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგელობის შესაბამისად.ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ ექვსი თვის თავზე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. შეიძლება, იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილი, ჰქონდეთ ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი, მაგრამ ჩვენ გავყვებით რა თქმა უნდა ჩვენს მიზანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები