გამორიცხულია, ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის წევრებს გაევრცელებინათ – კახა კალაძე


სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამორიცხავს, რომ პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატის სახით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის, რომელიმე წევრს გაევრცელებინა.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია რა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი. ხოლო თუ მსგავსი არსებობს გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, მართლაც ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი.  

“გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა რაღაც ვიდეოჩანაწერები, თუმცა არავის უნახავს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. მგონი, ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. ასეთი ფაქტი თუ მართლაც იყო, ეს ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის”, – აცხადებს კახა კალაძე.

​თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული ადამიანები ჩადიოდნენ ამ დანაშაულს და იმედოვნებს, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თუ ასეთი ფაქტი მართლაც იყო და მართლაც იყო ნაჩვენები ეს ჩანაწერები, ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ კომენტარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები