სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება.

გასულ წერს გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე ჩასულ ქართველ მუშებს, დამსაქმებელმა გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულების მიხედვით, მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია.  საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს 3 მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა.

გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება.

დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია.

სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები და დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით.

გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება.

მსგავსი თემები