„ვემზადებით ხმაურისთვის, ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა”- გიგა მაქარაშვილი

ამ წუთებში, ვითარება კანცელარიასთან დაძაბულია. აქციის მონაწილეები, რომლებმაც ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს, დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით  პროტესტს გამოხატავენ შენობის შესასვლელთან.

აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა. მისივე თქმით, ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს მთავრობას.

„ვემზადებით ხმაურისთვის. ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე. ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. აქციის მონაწილეები არ ვარღვევთ კანონს. ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც მათ შორის ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს. ეს ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, იქნება გამაღიზიანებელი ღარიბაშვილისთვის“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კანცელარიის შესასვლელი გაათავისუფლებინა და აქციამ შენობის ზედა მხარეს გადაინაცვლა.

მსგავსი თემები