„დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“ – შოთა დიღმელაშვილი

აქციის ორგანიზატორები ღამის გათენებას პარლამენტთან აპირებენ. დილით კი მთავრობის კანცელარიასთან აპირებენ მისვლას, რომელსაც „ქაჯეთის ციხეს“ უწოდებენ. აღნიშნული გზავნილი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა.

„შემდეგი ნაბიჯი ჩვენი გეგმის არის გადაადგილება მთავრობის სახლისკენ, მაგრამ ეს არ ხდება ახლა. აქ გვაქვს მოწყობილი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ეს ღამე მშვიდობიანად წყნარად გავატაროთ. იქნება თავშესაქცევები. ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვესაუბროთ მშვიდად ერთმანეთს, ჩვენს მეგობრებს, ვესაუბროთ მათ, ვინც ჩვენს დასაცავად არის მოსული. ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ისინი კომფორტში არიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით, მაგრამ რამდენიც არ უნდა შევიკრიბოთ, მათთვის არაფერი იცვლება.

ამიტომ, დილით ჩვენ ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენ ხმას, რახან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი მშვიდობიანი გამოხატვა. მივალთ დილით და ავუხსნით რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

 

მსგავსი თემები