პირადი ცხოვრებით შანტაჟი მიუღებელია, წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს – გია აბაშიძე

​პოლიტოლოგი გია აბაშიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად პირადი ცხოვრებით შანტაჟი მიუღებელია. კომპრომატების ომი წითელი ხაზების გადაკვეთას არ გულისხმობს. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ფარული ჩანაწერების ავტორები და საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, რომ ის, ვინც პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელ ფორმებს გამოიყენებს, სამაგალითოდ დაისჯება. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ განაცხადა, საჭიროა საზოგადოების აქტიურობა, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. 

მისივე შეფასებით, მხარე, რომელიც პირადი ცხოვრების შანტაჟს მიმართავს, უკვე დამარცხებულია, რადგან მას პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა საშუალება და არგუმენტები არ გააჩნია. 

“საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ, სამაგალითოდ დაისაჯონ ამის ჩამდენები. უნდა ვიაქტიუროთ საზოგადოებამ, მედიამ, თანამოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორმა. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს ის მცდელობას, ის მხარე უკვე არის დამარცხებული. ყველა ეს ფარული ჩანაწერები სადღაც ხომ ინახება. როგორც ვხედავთ ისინი საბოლოოდ არ გაუნადგურებიათ, ვერც იმას ვხედავთ, რომ ამის გამო ვინმე დასჯილიყო”, – აცხადებს გია აბაშიძე.  

რაც შეეხება, 2 იანვარს, მისი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც ის “ქართულ ოცნებაში” ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატების შესაძლო გამოქვეყნებაზე საუბრობდა. გია აბაშიძე აცხადებს, რომ მისი სტატუსი ემყარებოდა პოლიტიკურ ვარაუდებს და კომპრომატებში არ გულისხმობდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. 

“ანალიტიკოსებს გვაქვს ვარაუდების გამოთქმის უფლება. ამ შემთხვევაში ჩემი პროგნოზები სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რაც გარკვეულ წილად გამართლდა კიდეც. ​კომპრომატების ომი წითელი ხაზების გადაკვეთას არ გულისხმობს. “​ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდება. მმართველი გუნდი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ შემადგენლობით ვერ მიაღწევს”, – განაცხადა გია აბაშიძემ “მთავარში”.  

მსგავსი თემები