„ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება“ – კელი დეგნანი საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ტვ პირველის დამფუძნებლის ფიზიკურ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს. როგორც ელჩი აცხადებს, იმედგაცრუებული დარჩა, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ღონისძიება.

„ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. არ ვიცი, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხდება.

ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ა.შ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა, ძალიან პოზიტიური, სადაც ძალიან ბევრი ქართველი შეიკრიბა, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ერთიანდებიან.

ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება,  რომელიც მართლაც არაჩვეულებრივი იყო და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთლის განცხადებით, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც ღონისძიება იმართებოდა, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, მგალობლიშვილი და ოდიშარია ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან ელჩს ვიდეოკადრების გასაჯაროება მოსთხოვა, წერეთელმა დღესვე განაცხადი პროკურატურაში შეიტანა.

თავის მხრივ, მოკვლევა ამერიკის საელჩომაც დაიწყო.

 

მსგავსი თემები