„ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე მტკიცებულება არავის წარმოუდგენია“ – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

„6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს“ – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი.

მათი შეფასებით,  სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.

„კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს“, – ნათქვამია დეპუტატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე მტკიცებულება არავის წარმოუდგენია.

„ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.

კლასიკური განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც მსხვილ ფინანსურ რესურსს ფლობს და ამ რესურსს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად კერძო ინტერესების გამო იყენებს. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განმარტების ამ რამდენიმე ელემენტიდან მხოლოდ პირველს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს“ – აღნიშნულია სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები