კამპანია ,,შინ ევროპისკენ” ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

“შინ ევროპისკენ” კამპანია რეგიონებში  პროვოკაციების და ხმაურის  ფონზე მიმდინარეობს. მოძრაობის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა შეხვედრების ჩაშლა დღეს სცადეს ხონში, თელავსა და თბილისში, ხოლო გუშინ ზუგდიდში, ოზურგეთსა და ყვარელში. 

მოძრაობის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ,  მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ.

„მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ხელის შეშლის იმ მართულ და ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მოძრაობის წევრებისა და მხარდამჭერების რეგიონებში მოსახლეობასთან მიმდინარე შეხვედრების დროს ადგილი აქვს.

მოძრაობის წევრები 3 ივლისს თბილისში დაანონსებული აქციის წინ, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით რეფორმების იმ 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას წევრობის სტატუსის მისაღებად ევროსტრუქტურებმა წლის ბოლომდე განუსაზღვრეს. ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, ამიტომ ვითხოვთ ეს მისია „ეროვნული თანხმობის მთავრობამ – ევროკავშირისთვის“ იკისროს.

თელავში, ხონში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ასევე, თბილისში სტუდენტებთან საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებისას წინასწარ დაანონსებულ შეხვედრებს ხელი შეუშალეს და მათი ჩაშლა აგრესიულად განწყობილმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და საჯარო მოხელეებმა სცადეს. რიგ შემთხვევებში ეს ადამიანები ჩვენს წარმომადგენლებს შეხვედრებზე ორგანიზებულად და ჯგუფურად დაჰყვებიან და მათ მსვლელობაში დესტრუქციულად ერევიან.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავენ, კერძოდ, სახეზეა სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების უფლების ხელყოფა.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას მათთვისვე კონტრპროდუქტიული პროვოკაციები შეწყვიტოს, რაც ქვეყნის რეპუტაციას უკიდურესად აზიანებს.

მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მკაფიოდ აცხადებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეკრების მშვიდობიანი ფორმების ერთგულია და სამართალდამცავებს მოუწოდებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უზრუნველყონ და პროვოკაციები ადგილზევე აღკვეთონ.

მსგავსი წინააღმდეგობა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ საქმეს ვემსახურებით, რომელსაც თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გავაგრძელებთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები