,,სასაცილოა საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები”- შალვა პაპუაშვილი

,,სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დეპუტატებმა წასვლის მიზეზი იმით ახსნეს, რომ მათ სურთ, მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან.

„საერთო ჯამში, უკვე თავად განაცხადეს და იყო საუბარი მათი გადაწყვეტილების შესახებ, რომ გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“. მათ შორის, ვნახეთ, რომ გუშინ გამოაქვეყნეს ერთობლივი წერილი და კომენტარებიც ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია ჩვენი გუნდისთვის, თუმცა მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ახსნეს კიდეც, რომ სურთ, უფრო მეტი ისაუბრონ საზოგადოებასთან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. აქ არის ორი საკითხი. რა თქმა უნდა, სასაცილოა იმაზე საუბარი, თითქოს სოზარ სუბარი, თუნდაც დიმიტრი ხუნდაძე ან მიხეილ ყაველაშვილი შეიძლება, იყვნენ ანტიევროპულები, სასაცილოა, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან გასაკვირი არ არის. არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, ოპონენტების კომუნიკაციის მთელი პოლიტიკა აწყობილია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალონ ანტიევროპულობა და პრორუსულობა, ეს ხომ ახალი არ არის. ბოლო ათი წელია, გვესმის. ამიტომ რაიმე განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ამ სამი ადამიანის მიმართ ასეთი შეფასებები წამოვიდა, განსაკუთრებული არის ის, რომ ამხელა სიძულვილის ტალღის გამოწვევას ცდილობენ, ნაცვლად იმისა, რომ თუ რამე სათქმელი აქვთ, ამ სათქმელთან დაკავშირებით ჰქონდეთ პოზიცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა აქვთ ისეთი სათქმელი, რაც, როგორც თავად ამბობენ, ამ დრომდე სიმართლის სახით ვერ უთხრეს ამომრჩეველს.

„ვერ გეტყვით, თქვენ თავად თქვით, რომ არიან მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლები და წლებია, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები, მათ შორის ლიდერები არიან. მე თავისთავად ახალი ვარ ამ გუნდში და თავად იტყვიან, რა აქვთ სათქმელი და რა – არა. რაც შეეხება მათ განცხადებებს, მე არ ვაპირებ ამ განცხადებების კომენტირებას, არანაირ შინაარსში შესვლას, რადგან მათი განცხადებები და მათი სათქმელია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები გავიდნენ გუნდიდან და ნებისმიერი კომენტირება, საერთოდ შინაარსში შესვლა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნებოდა დადასტურება ან უარყოფა, შინაარსობრივად კომენტირებას არ ვაპირებ.

რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის წლიური მოხსენების ჩანიშვნას, აქაც შინაარსში არ შევალ, მაგრამ ის, რომ თარიღი შეუთანხმებელი იყო პარლამენტთან, ეს ყველამ საჯაროდ იცის. სწორედ ამიტომაც, მაშინ ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და არ ჩანიშნა სხდომა, ვინაიდან არ იყო წინასწარ შეთანხმებული თარიღი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ვაპირებ შინაარსობრივად ამ განცხადებების კომენტირებას, თავად განცხადების ავტორები შეძლებენ ამის ახსნას, დასაბუთებას, თუ ასე შემდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები