,,ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება”- დავით ნარმანია „მედიაცენტრი მთავარში

,,იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება,”- ამის შესახებ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ მედიაცენტრი მთავარში” განაცხადა.

დავით ნარმანიას განმარტებით, ქვეყნაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, სრულად ფარავს ბაზრის მოთხოვნას და მეტი ენერგიაც რჩება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მეტი ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ხდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ დაგროვილი წყლით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ბაზარს. რაც შეეხება იმპორტს – იმპორტი ამ ეტაპზე არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება,”- განაცხადა დავით ნარმანიამ მედიაცენტრი მთავარში”.

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, თუ თბილისში არსებული „ინტერ რაოს“ ჯგუფის შვილობილი კომპანიები,  სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება.

,,იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“,- აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრი მთავარში”.

დავით ნარმანია “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები