“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და სოზარ საუბარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების თქმით, საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ.
,,ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები,”- ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ევროკავშირმა მოლდოვას რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობა წაუყენა, რითაც ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირა.
,,ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს,”- წერენ დეპუტატები.
ამასთან, სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.
..როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ,”- წერია საერთო განცხადებაში.