საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებაზე უარყოფითი დასკვნა მიიღო.
კერძოდ, კომიტეტში წარდგენილი იყო განაცხადი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) რეგისტრაციის თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები.
„პარლამენტის რეგლამენტისა და ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის, არამედ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილია სამი კანონპროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ერთვის ერთი განმარტებითი ბარათი. ასევე, კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი და ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული პაკეტი კი ამ მოთხოვნების დარღვევითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, რამდენადაც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი და თანდართული მასალები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი, კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.