მოთხოვნა ღარიბაშვილის გადადგომასა და დროებითი მთავრობის შექმნაზე არასერიოზულია – აცხადებს იაგო ხვიჩია

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია აქციის მონაწილეთა ორივე  მოთხოვნას არასერიოზულად აფასებს. როგორც ხვიჩია აცხადებს, არც მთავრობის მეთაურის გადადგომა და არც დროებითი მთავრობის შექმნა რელევანტური არ არის.

„ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი – ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა არასერიოზულია. თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სულ სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ „სხვა ვინმეს“ წარმოადგენს, წარმომადგენლის სახლში წასვლას რომ ითხოვ არასერიოზულია. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ასევე არასერიოზულია. არავინ იცის, საიდან მოდის ლეგიტიმაცია, ვინ არის ეს ხალხი? ვინ არჩევს? ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი? რატომ ვენდობით ამ ხალხს? ვინ ნიშნავს ამ ხალხს თანამდებობაზე? “ქართული ოცნების” პარლამენტი? რა მოთხოვნაა თავისი შინაარსით, როგორ უნდა მოხდეს აღსრულება. ვფიქრობ, ამ აქციის ორგანიზატორები ერთ-ერთი პრობლემაა“ – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ხვიჩიას შეფასებით შექმნილ კრიზისს არჩევნების გარდა, სხვა ვერანაირი პროცესი უშველის.

„რამ შეიძლება განმუხტოს ეს კრიზისი, რაც ქვეყანაში ხდება? ჩემი აზრით, არაფერმა გარდა არჩევნებისა. ამ არჩევნებს რომ აზრი ჰქონდეს, ამისთვის აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. არჩევნები არ ჩავატაროთ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემით. უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც ბარიერი ბუნებრივი გახდება, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს არჩევნები”, – აცხადებს ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორებმა მთავრობას გადადგომისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

მსგავსი თემები