„იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით“ – ზელენსკი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მან საქართველოს მოსახლეობას ქართულადაც მიმართა.

„უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

„გამარჯობა საქართველო. მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს, ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყნები ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათი წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა, მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის.

ჩვენ არასდროს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ, ჩვენ დაგეხმარებით. უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა, ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! დიდება უკრაინას!“, – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის მიმართვას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

 

მსგავსი თემები