„გადავწყვიტე, ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს“ – სალომე სამადაშვილი სამართლებრივ დავას იწყებს

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სასამართლოში ჩივის. უჩივის როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ისე პრემიერ მინისტრს. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით მან ელჩებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს უსმენდნენ, პრემიერმა სალომე სამადაშვილისკენ თითი გაიშვირა და მას მოღალატე უწოდა. აღნიშნა, რომ სამადაშვილი  დადიოდა ბრიუსელში და ევროპარლამენტარებს სთხოვდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

 

მსგავსი თემები