თბილისში, დადიანის ქუჩაზე თითქმის 2-საუკუნოვანი სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს  

 

თბილისში, დადიანის ქუჩის N34-ში, XIX საუკუნის შუა პერიოდში აგებული საცხოვრებელი სახლის რესტავრაცია მიმდინარეობს.  სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი, თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის განვითარების ფონდში განუცხადეს, დადიანის ქუჩის N 34-ში არსებული შენობა, ქვემო კალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით, პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, უკვე გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, ამოიწმინდა მიწით ავსებული სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი გაიწმინდა და შენარჩუნდა ავთენტური სახით; გადაეწყო დადიანის ქუჩის N32-სა და N34-ს შორის არსებული საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მის დეკორატიულ ელემენტებს –  აივნის სვეტებსა და რიკულებს; ხის დაზიანებული დეტალები შეიცვალა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფის სარესტავრაციო სამუშაოები; შენობის ფასადი მზადდება სამღებრო სამუშაოებისთვის. მოეწყობა შენობის პერიმეტრზე არსებული ხის კარ-ფანჯრები და აივნები. ეზოს კი ხის ჭიშკარი დაამშვენებს, რომელიც საგანგებოდ დამზადდება. ასევე, დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობისა და შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

მსგავსი თემები