,,ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ”- გიორგი ვაშაძე

,,ან ევროპა და ევროკავშირი, ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, ან საქართველო, ან ოლიგარქია – ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცდა.

მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში, ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია.

,,დღეს, ისე როგორც არასდროს, სახლში ჯდომა არის მთავარი პარტნიორი “ქართული ოცნების”. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ერთიანობას, იმ მუხტს, რომელიც იყო 20 ივნისს, რომელიც უნდა იყოს დღეს და შემდგომ დღეებში, ამ მშვიდობიან, სპეტაკ, ეროვნულ, პატრიოტულ მუხტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

საქართველო არის ქვეყანა, რომლის ცივილიზებული ადგილი და ოჯახი არის ევროკავშირი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის. “ქართულმა ოცნებამ” და ოლიგარქიულმა რეჟიმმა გვითხრა, რომ არცერთი რეფორმის გატარებას არ აპირებენ, გვითხრეს, რომ თავზე გადაგვახევენ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროპა გვაძლევს. შესაბამისად, დადგა დრო, ეროვნული ხსნის ამოცანას, რომელიც დაგვისახეს ევროპელმა და დასავლელმა პარტნიორებმა, პასუხი გავცეთ ჩვენ. ჩვენ ვუპასუხოთ ყველამ ერთად. მეც, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვაპირებ მივიდე დღეს რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირო.

რამდენიმე წელიწადში, ჩვენ დავინახავთ ან აყვავებულ საქართველოს, ევროკავშირის ღირსეულ წევრს, ან საქართველოს, რომელიც იქნება უკაცრიელი ტერიტორია, რომელსაც მართავს რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქიული რეჟიმი. ეს იმდენად ცალსახაა, ალბათ არავისში კითხვას არ იწვევს. ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას უნდა ვუპასუხოთ და სწორედ ამიტომ უნდა გამოვიდეთ გარეთ”,- განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები