მწვანე ნარგავების დაზიანება-გაჩეხვაზე ჯარიმა 10 000 ლარამდე იზრდება

დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის სანქციები მკაცრდება. პარლამენტმა დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხვისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილეს და ერთხმად მიიღეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებების მიზანი, დედაქალაქში ხე-ნარგაობების მერქნული და ბუჩქოვანი მცენარეების უკანონო მოჭრისა და მათ დაზიანებისთვის სანქციების გამკაცრებაა. ასევე, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის სანქცია იმ პირთათვის, ვინც უკანონო ფიტოსანიტარულ დასკვნას გასცემს ხე-მცენარეებთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად ხდება ხე-ნარგაობების გარემოდან ამოღების წინაპირობა. მომხსენებლის განმარტებით, კიდევ ერთი სიახლე, რაც საკანონმდებლო პაკეტით შემოდის არის მცენარეების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევა, რაც ასევე დასჯადი ხდება.

მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხვისთვის ამჟამად მოქმედებს 500-ლარიანი და იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის 1000-ლარიანი ჯარიმები. საკანონმდებლო ცვლილებებით 500 ლარიანი ჯარიმა იცვლება – 5 000 ლარით, ხოლო1000 ლარიანი კი 10 000 ლარით.

მსგავსი თემები