,,ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩემთვის დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთან ერთად მინისტრის რანგში, ახლა კი, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს პატივისცემასა და მოკრძალებას, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო და ჩვენი ჯარი!,”- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ ჯარისკაცებს.

მთავრობის მეთაურმა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ყველაზე მეტი გააკეთეს საქართველოსთვის.

„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირ მეომრებს, ყველას მოგესალმებით, ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!

ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, ჩვენს დაუმარცხებელ სამხედროებს მივესალმები კიდევ ერთხელ, და მინდა, როგორც მთავრობის მეთაურმა და როგორც რიგითმა ქართველმა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირვისთვის, თქვენი თავდადებისთვის. შეიძლება ემოციურად გითხრათ, მაგრამ აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, თქვენ ყველაზე მეტი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ჯანმრთელობა გაწირეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ, დიდი პატივია ჩემთვის თქვენ წინაშე გამოსვლა.

ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, და ამ ბრძოლაში ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ გულწრფელი, ყოველთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ იმას, რისიც გვჯერა და გვწამს. ეს არ ყოფილა მხოლოდ რაღაც ცალმხრივი ვალდებულება ჩვენი მხრიდან აღებული, არამედ ეს იყო ძლიერად ჩამოყალიბებული აზრი, მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ, საქართველოს და ქართველებს, გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ მსოფლიოში მშვიდობისა და წესრიგის დამყარებაში და ჩვენ ეს არაერთგზის გავაკეთეთ, დავამტკიცეთ. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან, იქნებოდა ეს ერაყი, ავღანეთი, კოსოვო, ცენტრალური აფრიკა, და ყველგან, თქვენ, ძვირფასო მეომრებო, ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, ყოველთვის სასახელოდ, ამაყად წარმოაჩინეთ ჩვენი დიდი ცივილიზაციისა და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა, ჩვენი საქართველო.

ჩვენ ამ ომებში, ძვირფასო მეგობრებო, არაერთი სისხლი გავიღეთ, 35 გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ იდეას, იდეას, რომელიც უკავშირდება მსოფლიოში წესრიგის დამყარებას, საერთაშორისო უსაფრთხოებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ. და ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი უმძიმესად დაიჭრა, მათ სამუდამოდ გაიღეს ჯანმრთელობა, შეწირეს საკუთარი ყველაზე ძვირფასი – ზოგმა სიცოცხლე, ზოგმა ჯანმრთელობა.

შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს, საელჩოს წარმომადგენლობას, სამხედრო ატაშეს, ყველას, ვინც გულწრფელად ეხმარებით ჩვენს ჯარს, ჩვენი ჯარის გაძლიერებას და მრავალი წელია ჩართული ხართ ამ რეფორმირების პროცესში. თუნდაც, ეს არაჩვეულებრივი ცენტრი სწორედ  ამერიკის მთავრობის დაფინანსებით და ჩვენი თანადაფინანსებით არის გაკეთებული. ამისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც გულწრფელად ეხმარება ჩვენს  ქვეყანას და ჩვენს ჯარს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

30 ივნისი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეა. კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა.

მსგავსი თემები