,,ამ ვეტოში ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“- ირაკლი კობახიძე

,,ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ დაიწყო და არცერთ მხარეს შენიშვნები განხილვის პროცესში არ დაუფიქსირებია.

„ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა. ამის შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც გავითვალისწინეთ და კიდევ დამატებით ორი კვირა მივეცით ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ენჯეოებს, უცხოელ პარტნიორებს, რომ წარმოედგინათ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები. არც ერთ კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი ამ კანონპროექტზე. უფრო მეტიც, მეორე მოსმენა როცა გაიმართა პარლამენტში, არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთა, კობახიძის განმარტებით, განხილვის შემდეგ ვეტო დაიძლევა.

,,პარლამენტს ევალება კიდევ ერთხელ განიხილოს ჯერ პრეზიდენტის შენიშვნები და შემდეგ პირვანდელი კანონპროექტი. ჩვენი ვალია, რომ შენიშვნებს გავეცნოთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი პრეზიდენტის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ვალი. თუ დავრწმუნდებით, რომ არაფერი სამართლებრივი შენიშვნა რეალურად პრეზიდენტს არ აქვს, ვეტო იქნება დაძლეული“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა

მსგავსი თემები