,,ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვა”- შოთა არველაძე

ფეხბურთელი შოთა არველაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ   მისი გადაწყვეტილებით სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა.  რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

მისი თქმით, არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე.

“სინანულით უნდა ვთქვა, რომ ხშირად გვიჭირს ჩვენი ყურადღების იმ ქალაქებისა და სოფლებისთვის დათმობა, სადაც უამრავი ნიჭიერი მოზარდი ელემენტარული საჭიროებების გარეშე ცხოვრობს. ამის ფონზე, ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში არსებული 64 ბიბლიოთეკა დარჩეს ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამის გარეშე, როგორიცაა ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია. ამ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, 64 ქალაქის ბიბლიოთეკა სრულიად ახალი წიგნებით მარაგდება.

არ ვისაუბრებ დეტალებზე და არც იმაზე, რა მიზეზით შეჩერდა ეს პროექტი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა რამეა: არცერთი მოზარდი და რეგიონში მცხოვრები ადამიანი არ უნდა დარჩეს განახლებული ლიტერატურის და საჭირო წიგნის გარეშე. რთულ პირობებში ცხოვრების პარალელურად, წიგნი შეიძლება ერთ-ერთ იშვიათ შესაძლებლობად ჩავთვალოთ, რაც ცხოვრებას უფრო ხალისიანს, საინტერესოს და იმედით სავსეს ხდის.

ამიტომ, ვერთვები ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსების პროექტში და ჩემი გადაწყვეტილებით, სრულად დაფინანსდება 64 ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესყიდვის და განახლების პროგრამა, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

ჩემს ჩართულობას აქვს ორი მიზანი: გადარჩენა და წახალისება – გადარჩენა უმნიშვნელოვანესი პროექტის და წახალისება მკითხველისა და ახალი თაობის, რათა მეტი მოტივაციით გააგრძელონ სწავლა და შემეცნება.

მადლობა შესაძლებლობისთვის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას. იმედი მაქვს, პროექტში აქტივობების სახით არაერთი სპორტსმენი, მწერალი და მოზარდებისთვის საყვარელი ავტორი ჩაერთვება”,- წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები