,,სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა”- ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, დღეს გამართული ბრიფინგზე იმ პროკურორების სახელები დაასახელა, ვინც მისი თქმით, ოლიგარქიის საყრდენია. მისი განცხადებით, ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

„საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს.

მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში ოთარ ფარცხალაძე დგას, რომელზეც მე პატარა ოლიგარქებთან ერთად ვისაუბრე, იმიტომ, რომ ის არის ერთის მხრივ, მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში ჩართული, არის ბიძინა ივანიშვილის კართან მიახლოებული და მეორეს მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.

ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას ირაკლი შოთაძის მეშვეობით მართავს, რომელიც თქვენ გახსოვთ, რომ ხორავას საქმის გამრუდების გამო, ზეწოლის ქვეშ მისი გადაყენება მოუწიათ, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემისთვის იმდენად ძვირფასია, რომ ის უკან დააბრუნეს. ირაკლი შოთაძე ანაკლიის პორტის საქმეზე იყო გარეული და ის თავად არ უარყოფს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ხაზარაძის და ჯაფარიძის შეხვედრას ესწრებოდა, ანუ ამ საქმეებზე გარჩევებში პირდაპირ იყო. ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და მას, ღარიბაშვილის არ იყოს, ორჯერ თქმა არ სჭირდება, ისე ასრულებს პოლიტიკურ დავალებებს.

შემდეგი არის ჯარჯი წიკლაური – ის არის გამორჩეული იმით, რომ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მას ციხეში მყოფი ხალხის უფლებების მონიტორინგი ეხებოდა. მთავარი ღერძი დანაშაულებრივი რაც იყო ციხეში, იმას უწევდა მას მონიტორინგს, რაც იმას ნიშნავს, რომ არა თუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, არამედ ამ დანაშაულში მონაწილე იყო, თუმცა როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ხდება, პოლიტიკურად გადმოიბირეს და პოლიტიკური საქმეები მას ჩააბარეს. მაგალითად, ეს არის ციანიდის საქმე, კარტოგრაფების საქმე, კაბელების საქმე, მიხეილ სააკაშვილის საქმე და გამორჩეულია პოლიტიკური მსახურებით ბინძურ საქმეებში.

მიხეილ სადრაძე – ის იყო ძალიან აქტიური მონაწილე, მან აღძრა საქმე კარტოგრაფების საქმეში, პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში აქტიურად გამოდიოდა და იყო ჩართული ამ სპეცოპერაციებში. ასევე, ნიკა მელიას საქმეში პროკურორი იყო.

ამირან გულუაშვილი – პოლიტიკურ საქმეებს ზედამხედველობს. ის არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, „რუსთავი 2“-ის საქმე, ნიკა გვარამიას საქმე, კარტოგრაფების საქმე, ნიკა მელიას საქმე. პროკურატურაში არიან გამოყოფილი ადამიანები, რომლებიც ამ ბინძურ პოლიტიკურ საქმეებს უშუალოდ კურირებენ, ზემოდან წასულ ამ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და ამირან გულუაშვილი არის სწორედ ასეთი.

ასევე, შედარებით ჩრდილში მყოფი რევაზ ბაღაშვილი, რომლის ხელშიც ეს პოლიტიკური საქმეები გადის და ასევე, ამ პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები