„სამთავრობო ლოჟაში რა გინდათ, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ“ – ხერხეულიძე პრემიერს

საქარველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძე, პრემიერს პასუხობს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ღალატსა და საწინააღმდეგო ქმედებებში დაადანაშაულა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა,  ევროპელ დიპლომატებთან წლების განმავლობაში დაგროვილ ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება წყალს ატანს.

„როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, რამდენიმე საათში იწყება დებატები, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხზე არაფერი უთქვამს პრემიერს, როდესაც ტრიბუნასთან იდგა. საერთოდ არ უფიქრია იმ განსაცდელზე, რის წინაშეც შესაძლებელია აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელსაც დამსახურებულად ჰქონდა ლიდერის სტატუსი „ასოცირების ტრიოში“ და დღეს ყველაფერი დაკარგა, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ 308 დეპუტატი მოვაგროვეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ დიდი ბოდიში, მაგრამ სამთავრობო ლოჟაში თქვენ რა გინდათ, ბატონო ირაკლი, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ, რომელიც შეგეწეოდათ და თქვენს სიმართლეს გაიტანდა, რეზოლუციად აქცევდა? საერთოდ, ტყუილის გუდა ხართ“ – ასე მიმართა ეკა ხერხეულიძემ პრემიერ მინისტრს.

მისივე განცხადებით, მმართველ ძალას საკუთარი ქვეყნის წანაშე პასუხისმგებლობა არ გააჩნია.

„თქვენ სამშობლოს ღალატი რა გგონიათ? ღალატი არის ეროვნული ინტერესის არ და ვერ დაცვა. როდესაც 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება ქართველი ხალხი და ამ ტრიბუნიდან კიდევ ლანძღავთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებთან ურთიერთობა წლების და თაობების მანძილზე არის ნაგროვები, წყალს ატანთ, რადგან პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ ქვეყნის წინაშე და მხოლოდ ერთი კაცის სამსახურში დგახართ, ეს არის ტრაგედია. რითაც თავს იწონებთ და ამბობთ, რომ შესაძლებლობების კარები ღია არის, ამ კარებში ოლიგარქი ივანიშვილი რომ არის გაჩხერილი, რა ვუყოთ?“, – ასე მიმართა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს.

 

მსგავსი თემები